X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ნოდარ დუმბაძის იდეით მზიური შეიქმნა ახალგაზრდობისთვის და მიხარია, რომ პარკის განახლების პროცესშიც ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული

13 ივნისი 2020

„ბევრი ადამიანის შრომის შედეგია ეს სილამაზე, ეს ახალი სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ერთად დავუბრუნეთ მზიურს და როგორც ამ გლობალური პანდემიის პირობებში და  რთულ დღეებში  ვამბობთ, ნებისმიერი კრიზისი უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ალბათ მზიური არის ერთი-ერთი მკაფიო მაგალითი, რომლის ტერიტორიაზეც არსებულმა სირთულემ  მისცა საშუალება ამ პარკს, რომ ახალი სიცოცხლე შეეძინა,“- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განახლებული მზიურის გახნსაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 13 ივნისის ტრაგედიამ, მწუხარებასთან ერთად,  საზოგადოებას დაანახა  ახალგაზრდების  ერთობა და ახალი ენერგია, პარკისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა კი ევროკავშირის დახმარებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

ვიცე-პრემიერმა  ნოდარ დუმბაძის მიერ,  ბავშვებისთვის მზიურის  შექმნის იდეის განხორციელებაში  ახალგაზრდების ჩართულობაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ პარკი წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, არსებობდა ტერიტორიის განვითარების სხვა გეგმები, რაც საზოგადოების სურვილს არ შეესაბამებოდა.

„შეიძლება ახალგაზრდებისთვის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ჩვენი თაობის ადამიანებს გვახსოვს, რომ მზიურის პარკი არის ჩვენი დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იდეა, რომელიც განხორციელდა  1982 წელს.  მზიური  შეიქმნა  ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ამ პარკის პროექტირების პროცესშიც ახალგაზრდები  ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე  აღნიშნა, რომ  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდთან ერთად, ახალგაზრდები განახლებული მზიურის  განვითარების პროცესშიც მონაწილეობდნენ და მათ დღესაც აქვთ სურვილი თვითონ მოხატონ ტერიტორია, ახალი იდეები მოიფიქრონ, რასაც უკვე თბილისის მერია განახორციელებს.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მზიურის შექმნის და განახლების პროცესში ჩართულ ადამიანებს, საერთაშორისო პარტნიორებს და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო  მზიურის პარკს დღეიდან თბილისის მერიას გადასცემს.

„მინდა მოგილოცოთ ეს დღე  და რა თქმა უნდა ვუსურვო ყველას, რომ განახლებული პარკი გახდეს ის პლატფორმა, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მზიურის  განვითარებაში შეიტანენ წვლილს. მინდა უკვე დიდი სიამოვნებით პარკი გადავცე ინფრასტრუქტურის სამინსიტროდან თბილისის მერიას და ბატონ კახის  და მის გუნდს ვუსურვო წარმატებები ახალგაზრდებთან ერთად ამ პარკის განვითარებაში,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.